Posts Tagged ‘რაინდი’

მთელი არეცო ემზადება ტურნირისათვის. სადაც არ გაიხედავ, ქალაქის ცენტრში ყველგან ფაციფუცია. იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არეცოს დიდი მოედანი (Piazza Grande) უკვე ირთვება შეჯიბრისათვის. ირგვლივ, შუა საუკუნეთა შენობების კედლებზე უხვადაა დაკიდებული ქალაქის ყველა ჰერალდიკური ნიშანი.

სარაცინების ტურნირი  XIII საუკუნიდან შემორჩენილი და ჩამოყალიბებული რაინდთა შეჯიბრის ტრადიციაა, რომელიც ჯერ კიდევ აღორძინების ხანიდან გახდა ცნობილი და მას შემდეგ ჰპოვა გავრცელება. იგი თვით დანტეს “ღვთაებრივ კომედია”-შია მოხსენებული. დღეს მას უამრავი ადამიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან, ამ საოცარ სანახაობაზე მოსახვედრად ადგილების დაჯავშნა კი თვეებით ადრე ხდება. თავისი პრესტიჟულობით სიენის მარულას შემდეგ ყველაზე ცნობილ სანახაობად ითვლება იტალიაში.

ტურნირი ტარდება წელიწადში ორჯერ: ივნისის ბოლო შაბათის საღამოს (არეცოს მფარველი წმინდა დონატოს შეჯიბრი) და სექტემბრის პირველ კვირას, დღისით (სექტემბრის შეჯიბრება). ითვლება ქალაქის დღესასწაულად, იმ დღეების განმავლობაში მოსახლეობა შუა საუკუნეების სამოსს ატარებს.


შეჯიბრებაში მონაწილეობს არეცოს ოთხივე უბანი, რომელთაც თავიანთი გმირები გამოჰყავთ და მთავარი, ისტორიული კარიბჭეების მიხედვით არიან დაყოფილნი:


ფორუმის (Quartiere di Porta del Foro)


წმინდა ანდრიას  (Quartiere di Porta Sant’Andrea)


სულიწმინდის (Quartiere di Porta Santo Spirito)


ჯვრის (Quartiere di Porta Crucifera) შემოსასვლელები.

შესაბამისად, ამ კარიბჭეების მიხედვით იყვნენ დაყოფილი ისტორიული არეცოს პროვინციის ტერიტორიები მათზე მოსახლე დიდგვაროვანთა სახლეულობით.

თამაშის წესი მარტივია: მოედნის შუაში აღმართულია ბურატინის მსგავსი ფიტული, რომელიც ინდოთა მეფეს განასახიერებს (აღმოსავლეთის სიმბოლიკა) და რომელსაც ცალ ხელში ფარი უჭირავს, მეორეში კი-ზამბარით გამართული მათრახი. ამხედრებულმა რაინდმა დიდი სიჩქარით ზუსტად უნდა მოახვედროს შუბის თავი ფარის ცენტრს ისე, რომ თავი აარიდოს მათრახის შემობრუნებას. იგებს ის, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.





გამარჯვებული უბნის რექტორს გადაეცემა ოქროს შუბი, რომელსაც კათედრალისაკენ მიმართული გამარჯვებულები ქალაქის ქუჩებში შემოატარებენ. ქალაქის მოგებული ნაწილი წარმატებას სახელდახელოდ გამართული ლხინით აღნიშნავს.

ცნობისათვის, დისნეიმ თავის მულტფილმშიც ასახა არეცოს სარაცინების რაინდთა შეჯიბრი.