კარტოფილისა და ყაბაყის კრემ-სუპი

Posted: აგვისტო 22, 2013 in კატეგორიის გარეშე

Crema-zucchine-patate
ძალიან უბრალო, გემრიელი, პრაქტიკული, ჯანმრთელი და სასარგებლო კერძი.

საჭიროა

5 საშუალო ზომის ყაბაყი
4 დიდი კარტოფილი
1 პატარა ხახვი
4 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
პატარა კონა ოხრახუში
სასურველია ბოსტნეულის ნახარში,
ან
400-500 მლ ნაღები (სამზარეულოსი, არა ტკბილი)

დამზადება

ყაბაყი და კარტოფილი დავჭრათ პატარა ოთხკუთხედებად.

ღრმა ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი და გავაცხელოთ. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელსაც დარბილებისას ჩავაყაროთ უკვე გამზადებული ყაბაყი და კარტოფილი. მოვთუშოთ ხუფდახურულად, რათა ბოსტნეული თავის ორთქლში დარბილდეს. კარგია, თუ ბოსტნეულის ნახარშს ჩავუმატებთ. თუ არ გვაქვს, მაშინ ნაღები. ვადუღოთ დაახლოებით 20 წუთი, ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დუღილს კიდევ 10 წუთი ვაცადოთ. როცა ყველაფერი დარბილდება, შიგ ჭურჭელშივე მიქსერით დავაბლენდეროთ, რათა პიურეს მსგავსი მასა მივიღოთ.

Procedimento_vellutatazucchine2
მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
სანამ ჩამოვასხადმეთ, თეფშზე დავალაგოთ ზეთში ორცხობილად გარდაქმნილი ძველი პურის ნაჭრები.

პურის ორცხობილები ზეთში

კრემ-სუპი ზემოდან მოვასხათ.
მიირთვით გემრიელად.

პ.ს. საერთოდ, მსგავსი მეთოდით შეიძლება თითქმის ნებისმიერი ბოსტნეულის კრემ-სუპის დამზადება.

Advertisements


პასატელები (ანუ დაახლოებით რომ ვთარგმნოთ, იქნება გამოყვანილი, გამოყვანილები) ნაკლებადცნობილი, მაგრამ საინტერესო და პრაქტიკული იტალიური კერძია რეგიონ ემილია-რომანიადან. იგი ადვილად დასამზადებელი პასტის ნაირსახეობაა და ცალკე ბულიონში იხარშება. მიირთმევენ თბილი სახით.

რეცეპტი (გათვლილია 2 ადამიანისათვის)

გახეხილი პარმიზანი – 150 გრ.
გახეხილი მომწვარი პური – 150 გრ.
კვერცხი – 3 ცალი
წვრილად გახეხილი მუსკატის კაკალი
ბოსტნეულის, ხორცეულის ან თევზეულის ბულიონი
საშუალო ზომის თავი ხახვი
სტაფილო – 1 ცალი
პომიდორი – 1 ცალი
ნიახური
ლიმონის კანის ნახეხი
მშრალი პილპილი (წითელი, ან შავი)
მარილი – გემოვნებით

დამზადების წესი

ერთმანეთს შევურიოთ კვერცხი და პარმიზანის ყველი. დავამატოთ გახეხილი პური (შესასქელებლად შეიძლება ოდნავ პურის ფქვილიც), მუსკატის კაკალი, მშრალი წითელი, ან შავი პილპილი; იქვე შეგვიძლია ჩავხეხოთ ოდნავ ლიმონის კანი (შეძლებისდაგვარად, ვეცადოთ მხოლოდ ყვითელი თხელი ნაწილის გამოყენებას, რომ თავი ავარიდოთ შიგთავსზე გადასვლას),  და კარგად მოვზილოთ ერთმანეთში რაც შეიძლება მეტ ხანს.

ფორმის მისაცემად საჭიროა სქელნასვრეტებიანი (4-5 მმ. სიგრძის) ლითონის მოწყობილობა,


რომელშიც გავიყვანთ მოზელილ მასას. შეიძლება კარტოფილის გამჭლეტის გამოყენებაც, ანაც ჩვენში ასე გავრცელებული ხორცის გასაყვანი. მიღებული ცომეულის ზოლები დანით გამოვჭრათ 4 სანტიმეტრის სიგრძის სპაგეტებად და მოსახარშად ჩავყაროთ ადუღებულ ბულიონში. ვხარშოთ 1-2 წუთი, სანამ არ კარგად ამოტივტივდებიან.

თეფშზე გადატანისას შეგვიძლია კვლავ მოვაყაროთ პარმიზანის გახეხილი ყველი.

რჩევა

იმისათვის, რომ პასატელები ნახარშში არ ჩაიფშვნან,  მოვხარშოთ უცებ, ცომის გამოყვანისთანავე, ან დავასვენოთ 5 წუთი.

ბულიონი

4-5 ლიტრ წყალში 2 საათი ვხარშოთ ძვლიანი საქონლის, ან ქათმის ხორცი. ჩავამატოთ ნიახური, სტაფილო, მთელი ხახვი, ერთი პომიდორი. როდესაც პასატელები მზად იქნება, ბულიონი უნდა დუღდეს.

გაამოთ.

სავოიელი პიუსების დინასტიის სასახლე

კარპი იტალიის რეგიონ ემილია-რომანიაში მდებარე პატარა ქალაქია. მდებარეობს მოდენას ჩრდილო-დასავლეთით და ამავე პროვინციას ეკუთვნის. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით მისმა მოსახლეობამ 68 ათასს გადააჭარბა. ცნობილია რეგიონში მდებარე ქალაქებს შორის ყველაზე დიდი ცენტრალური მოედნით, რომელზედაც განლაგებულია პიუსების დინასტიის სასახლე და მთავარი კათედრალი.

კარპის სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია მდინარე პოს დაბლობზე უძველეს დროში ფართოდ გავრცელებულ რცხილასთან (carpinus betulus). აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კარპი იტალიის სოხუმია, რომლის დასახელების ძველქართული წარმოშობაც სწორედ ამ ხესთანაა დაკავშირებული. თუმცა, სილამაზითა და ზღვის დანაკლისით აფხაზეთის პატარძალივით ცენტრის დარ მშვენიერებას ვერ დაიკვეხნის.

ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ლეგენდა. ერთხელაც, ლონგობარდი მეფე აისტულფი თავის შევარდენთან ერთად ნადირობდა, რომელიც ნადირის დევნისას უსიერ ტყეში დაეკარგა. დიდი ხნის უშედეგო ძიების შემდეგ აღთქმა დადო, რომ თუ იპოვიდა თავის ბაზს, დააარსებდა ქალაქს და მასში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. შედეგად, რცხილის უზარმაზარ ხის ტოტებში გაბმულ საკუთარ შევარდენს მიაგნო (გეცნოთ თბილისის დაარსების გორგასლისეული ვარიანტი?).

თანამედროვე კარპის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ რკინის ხანაში, ვილანოვას კულტურის პერიოდში დასახლდა, ხოლო თვითონ ქალაქი 752 წელს დაფუძნდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კარპის მართავდა პიუსთა სავოიური დინასტია, რომელმაც არაერთი საერო, თუ სასულიერო მოღვაწე მისცა იტალიას. გვიანი რენესანსის ხანიდან უპირატესობა ესტეს არისტოკრატიული სახლის ქვეშ გადადის, რომლებიც ფერარასა და მოდენას მთავრებად ითვლებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის მოსახლეობა ანტიფაშისტური გამოსვლებითა და ძლიერი პარტიზანული მოძრაობით გამოირჩეოდა. ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში არაერთი ებრაელი იქნა წაყვანილი კარპიდან.

ეს პატარა ქალაქი მრავალი მახასიათებლითაა ცნობილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარპი სხვა გაცილებით უფრო დიდ ქალაქთან ერთად (ბიელა, ტრევიზო, პრატო) გახდა იტალიური მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში განთქმულ იტალიურ ტანსაცმელს. ამ ინდუსტრიამ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქალაქის ძირეული ცვლილება და ეკონომიკური განვითარება გამოიწვია, რაც ბოლო წლებში მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაფერხა.

აქვე იმართება ცნობილი იტალიელი პილოტის, ენცო ფერარის სახელობის მარათონი, რომელიც მარანელოში იღებს სათავეს და კარპიში მთავრდება.

ბოლო წლებში, ქალაქში საფუძველი დაიდეს მზარდი მნიშვნელობის ფილოსოფიისა და ადგილობრივი წარმოშობის მწერლის, არტურო ლორიასადმი მიძღვნილი სალიტერატურო პრემიის მოთხრობის ფესტივალებმა.

წარმოშობით კარპიდანაა ფერადი ქსილოგრაფიის ფუძემდებელი, ტიციანის, აფაელის და პარმიჯანინოს (იგივე ფრანჩესკო მაცოლა) ნამუშევრების სახელგანთქმული გრავიორი უგო კარპელი (Ugo da Carpi, 1470-1532 წ.წ.) და ცნობილი თანამედროვე იტალიელი რეჟისორი ქალბატონი, ლილიანა კავანი (Liliana Cavani).

ეს კი თვითონ კარპის ხედები:

ქალაქის მთავარი სასახლის, ამჟამად მუზეუმის შიგთავსი








კარპის კათედრალი ბაროკოს სტილის წინასახით


კარპის ქუჩები

ქალაქ კარპის საითი

კარგი მეურნე (მეურნეობა ქართულ ცნობიერებაში იგივეს წარმოადგენს, რაც ძველბერძნებისაში-ეკონომიკა) მოურაობის ნიჭით იცნობა. ყოჩაღი მოურავი კი ისაა, ვინც უკვე არსებული შესაძლებლობებით აღწევს მაქსიმუმს. თუ იგივე მოდელს ოჯახის ყოფა-ცხოვრების ერთ-ერთ დარგს, სამზარეულოს მოვარგებთ, დავინახავთ, რომ ვარგისი სანოვაგიდან არაერთი გემრიელი და სასარგებლო კერძის დამზადება შეიძლება.

მაგალითად: თუკი ბლომად პური მოგიძველდათ სახლში, შეგიძლიათ არ გადააგდოთ და მისგან ტოსკანური პურის სალათისათვის მშვენიერი მასალა მიიღოთ. მით უმეტეს, როცა ცხელა და იწვის ქვეყანა.

პანცანელა  იტალიის რეგიონ ტოსკანის ტრადიციული კერძია. თუმცა, იგი მთელს ცენტრალურ იტალიაშია გავრცელებული. ადრე ის უბრალო შეჭამანდს წარმოადგენდა და გლეხურ კერძად მიიჩნეოდა. თანამედროვე მსოფლიოში კი, ეთნიკური ტენდენციების წინ წამოწევამ ტერიტორიული სამზარეულო ძლიერ პოპულარული გახადა. შესაბამისად, ის კერძები, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ უბრალო ფენების ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდნენ, დღესდღეობით დასავლეთის რესტორნებში საკმაოდ ძვირიც ღირს და დაფასებულიცაა. რატომაც არა? ჯანსაღი საკვები უკეთესი ჯანრთელობის საწინდარია. მით უმეტეს, როცა ადვილი დასამზადებელიცაა და პრაქტიკულიც. ასევე, ადგილობრივი ტრადიციების წინ წამოწევისა და ტერიტორიის ეკონომიკური განვითარებისათვის ემილია-რომანიასა და მარკეს რეგიონებში ივლის-აგვისტოს მიჯნაზე იმართება პანცანელას სპეციალური დღეობები, სადაც ამ კერძის თავდაპირველი სახის ვარიაციებსაც შეიძლება შეხვდეთ.

პანცანელას მეორენაირად panmolle-საც უწოდებენ, რაც იტალიურად დამბალ პურს ნიშნავს. მართლაც, იგი მზადდება ძველი პურისაგან, რომელსაც 15-20 წუთი წყალში ალბობენ. სანამ პური რბილდება, ცალკე შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ ნიახური(ფოთლების გარეშე), მაგარი პომიდორი (სასურველია, არ იყოს რბილი), კანგაფცქვნილი კიტრი, წითელი ხახვი.

დარბილებული პური წყლისგან მაგრად გაწრიტეთ, ხელით წვრილად დაფშვენით (უმბრიისა და მარკეს რეგიონებში პატარა კუბებადაც ჭრიან) და ეს ყველაფერი ბოსტნეულს შეურიეთ. კარგად აზილეთ, რის შემდეგაც მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები, დაუმატეთ ზეთისხილის ზეთი, ცოტა ძმარი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ისევ კარგად შეურიეთ ერთმანეთს და სანამ მიირთმევდეთ, ერთი საათი მაინც შედგით მაცივარში.

ესეც პანცანელას ძირძველი დამზადების წესი. თუმცა, მისი გამრავალფეროვნებაც შეიძლება. უბრალოა, ხომ? სამაგიეროდ, ცივი, სასიამოვნო და პრაქტიკული კერძია. თან, არც მოძველებული პურის გადაგდება მოგიხდებათ სახლში.

შემადგენლობა

(იტალიური სტანდარტით 4 ადამიანისათვისაა გათვალისწინებული. საქართველოს შემთხვევაში ქართულად გამოზომეთ 🙂 ):

რამდენიმე დღის მოძველებული ტოსკანური პური, რომელიც უმარილოა. საქართველოს შემთხვევაში თეთრი მარილიანი პურის გამოყენებაც შეიძლება (ბოლოს მაინც მარილია ჩასამატებელი). რაც უფრო მძიმე პურია, მით უკეთესი (აი, დაახლოებით ისეთი, კედელს რომ ესროლო, გაიტანსო 🙂 ).

2 პომიდორი

1 წითელი ხახვი

1 კიტრი

2 ნიახურის ტანობი

ბაზილიკი

ზეთისხილის ზეთი

მარილი

შავი პილპილი (წითელიც მშვენიერია)

ძმარი

გ     ა     ა     მ     ო     თ

რჩევა:

სასურველია, თუკი დამზადებულ კერძს იმავე დღეს დაასრულებთ, რადგან მაცივარში ხანგრძლივი შენახვა პომიდორს გააფუჭებს.

მართალია, ამ ვიდეოში დამატებულია სხვა ინგრედიენტებიც და მომზადების თანმიმდევრობაცაა შეცვლილი, მაგრამ არა უშავს

კერძის დამზადებისათვის საჭირო დროს არ ვუთითებ:) ვიღაცას შეიძლება უფრო სწრაფი ხელი ჰქონდეს, თორემ ეზოპესთან დაკავშირებული ანეგდოტი მახსენდება 🙂

იჯდა ქალაქგარეთ ელინი მეიგავე. გამოიარა მგზავრმა და ჰკითხა, თუ რამდენ ხანში შეიძლებოდა ქალაქში ჩასვლა. ეზოპემ არაფერი უპასუხა. მგზავრი ცოტათი კიდევ უფრო მოუახლოვდა და კითხვა გაუმეორა. ისევ დუმილი. მესამეჯერ რომ იკითხა და იგივე რეაქცია მიიღო, იფიქრა, ალბათ, ყრუაო და გზას გაუდგა. მოულოდნელად, ერთ საათშიო, მოესმა პასუხი. გაკვირვებულმა მგზავრმა ჰკითხა: კი მაგრამ, ამდენჯერ შეგეკითხე და აქამდე რატომ არ მიპასუხეო? ეზოპემაც: აბა, მე რა ვიცოდი, რა სიჩქარით ივლიდიო 🙂

ალფრედო ტრომბეტი – (ბოლონია, 1886-კ. ლიდო დი ვენეცია, 1929 წ.წ.) შესანიშნავი იტალიელი აკადემიკოსი, სემიტური ფილოლოგიისა და გლოტოლოგიის პროფესორი. დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი 1891 წელს და 1904 წელს ლინჩეის აკადემიის სამეფო პრემიის გამარჯვებული ხდება. 1904 წელსვე ბოლონიის უნივერსიტეტში ასწავლის სემიტურ ფილოლოგიას და 1912 წელს კი ენის მეცნიერებას.
ბასკური, კავკასიური და სინოტიბეტური
ტრომბეტი იყო პირველი სწავლული, ვინც 1923 წელს თანამედროვეობის დენეკავკასიური კვლევების საფუძველზე პარალელები გაავლო ბასკურ ენასა და როგორც კავკასიურ, ასევე სინოტიბეტურ ენებთან.
ენათა პრეისტორიული ერთიანობა
განსაკუთრებით ცნობილია თავისი მონოგენეტიკური ენების თეორიით, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ყველა ენა უნდა წარმომადგარიყო უძველეს დროში მოსაუბრე ერთადერთი ენისაგან. ნაწყვეტი მისი “ენის წარმომავლობის ერთიანობიდან“:
“უპირველეს ყოვლისა, ადამიანისა და შესაბამისად, ენის უძველესი წარსული არ შეიძლება იყოს უზომოდ დიდი, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ… ამჟამად, გათვალისწინებულია რა ენობრივი დიფერენციაციულობის პრინციპი, რომლის ძირებიც საშუალოდ იწყება გარკვეულ დროში, ვფიქრობ, შემიძლია ძირითადად განვსაზღვრო ეს ციფრი 30 000 წლით და მაქსიმუმ, 50 000 წლით… შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ენობრივი მონოგენეზისი საკმაოდ ძლიერი არგუმენტია ადამიანური მონოგენეზისის სასარგებლოდ”. 19-20 გვ.
ბიბლიოგრაფია:

Alfredo Trombetti, L’unita` d’origine del linguaggio, 1905, Bologna. / ალფრედო ტრომბეტი-ენის წარმომავლობის ერთიანობა

Alfredo Trombetti, Nessi Genealogici tra le lingue del mondo antico, 1902 / ალფრედო ტრომბეტი-უძველესი სამყაროს ენათაშორისი გენეალოგიური კავშირები“, 1902 . (ლინჩეის აკადემიის სამეფო ჯილდო ფილოლოგიასა და ენათმეცნიერებაში).

Alfredo Trombetti, Elementi della Glottologia / ალფრედო ტრომბეტი-გლოტოლოგიის ელემენტები“, 1923 .

Alfredo Trombetti, Le origini della lingua Basca, Bologna, 1925 / ალფრედო ტრომბეტი-ბასკური ენის ძირები“, ბოლონია, 1925 წ.

Alfredo Trombetti, Delle relazioni delle lingue caucasiche con le lingue camisemitiche e con altri gruppi linguistici, / ალფრედო ტრომბეტი-კავკასიური ენის კავშირები ქამისემიტურ და სხვა ენობრივ ჯგუფებთს შორის

Alfredo Trombetti, Sulla parentela della lingua etrusca / ალფრედო ტრომბეტი-ეტრუსკული ენის ნათესაობის საკითხისათვის

Alfredo Trombetti, La lingua etrusca / ალფრედო ტრომბეტი-ეტრუსკული ენა

Alfredo Trombetti, Saggio di antica onomastica mediterranea / ალფრედო ტრომბეტი-ესსე ძველანტიკური მედიტერანული ონომასტიკის შესახებ


როცა იტალიელებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება, რაც ამ ერისათვისაა ნიშანდობლივი, არის ნიჭიერი შემოქმედებითობა. ჰედონისტები შეიძლება იყვნენ, პარაზიტული ეგოიზმი ამოძრავებდეთ, საზოგადოებრივზე უფრო მეტად კერძოზე ფიქრობდნენ, ხმაურებიანები ვუწოდოთ, მაგრამ როგორც ნებისმიერ ერს, უარყოფით მახასიათებლებთან ერთად დადებითიც უამრავი გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დავინახო ისინი, რადგან ჩემი ერის სიყვარულმა სხვათა პატივისცემა და სიყვარულიც კი მასწავლა. სხვაგვარად, მგონია, რომ სტყუის ნებისმიერი, ვინც კი საპირისპიროდ იქცევა, მაგრამ სიტყვებში კი ზნეობრიობის მაგალითად იღვრება.

თუკი კარგად დავუკვირდებით, ჯულიო მანფრედონიას (Giulio Manfredonia) ფილმში “შესაძლებელია გაკეთდეს” (“Si può fare“) თვალშისაცემი სწორედ ეს ასპექტია, რომელიც კიდევ უფრო ღრმა ადამიანური განზომილებითაა გადმოცემული. რეჟისორის მიერ ასახულია ნამდვილ ამბავს დაფუძნებული 80-იანი წლების ინოვაცია იტალიაში, როდესაც ცნობილი იტალიელი ფსიქიატრის, ფრანკო ბაზალიას (Franco Basaglia) ინიციატივით 1978 წელს მიღებული 180-ე კანონის ძალით საგიჟეთებიდან გონებრივად ავადმყოფებს ათავისუფლებდნენ და არ კი იცოდნენ, თუ რა ექნათ მათთვის, სად მოეთავსებინათ და რითი დაესაქმებინათ. ამ დროისათვის, ფილმში მილანის ერთ-ერთი პროფკავშირიდან ნელო (კლაუდიო ბიზიოს გმირი, Claudio Bisio) გადაჰყავთ “ძველი კოოპერატივ 180”-ში, სადაც მენტალურად სნეულებს მძიმე წამლებით მკურნალობენ. თუმცა, საკუთარ გულისხმას აყოლილი ნელოს მიდგომა არა მხოლოდ პროფესიულია, არამედ შემოქმედებითი და რაც მთავარია, ადამიანური. ამგვარად, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებში პოულობს იმ მხარეს, რომელიც ღირებულია, ძვირფასია, განუმეორებელია და რაც მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალებას აძლევს. აქედან იბადება მათი ერთობლივი საქმიანობა: კოოპერატივის მთელი ჯგუფი კავდება…. პარკეტის დაგებით.


ლუკასა (ჯოვანი კალკანიოს გმირი, Giovanni Calcagno) და ჯიჯოს (ანდრეა ბოსკას გმირი, Andrea Bosca) გასაოცარი მონახაზების შექმნის ორიგინალური ნიჭი კოოპერატივს გზას გაუკვალავს წარმატებისაკენ. მართლაც, ყველაზე დიდი მნიშვნელობის შეკვეთა, რომელსაც იღებენ, პარიზის ერთ-ერთი მშენებარე მეტროპოლიტენის მორთვაა. ყოველივე ამ დადებითი ტენდენციის განვითარებას “არანორმალურიდან”  “ნორმალურ” ცხოვრებაში (თითქოს, მათი ყოველდღიურობა, ვინც ჩვეულებრივად ცხოვრობს, გაცილებით უკეთესი იყოს თავისი არსით) ეტაპობრივი ჩართვა მოსდევს, კლებულობს გამაყუჩებელი წამლების მოხმარების რაოდენობაც,  მედიცინა ადგილს მუშაობას უთმობს, თითოეული წევრის სიხარული იზრდება მათდამი ღირსეული, ადამიანური მოპყრობით და ასე შემდეგ. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ხავერდოვანი ვერ იქნება. და ეს ხდება სწორედ, “ნორმალური” ადამიანების გამოისობით, რომელნიც თავიანთი მცენარესავით ავტომატური ყოფიერების შედეგად დაბრმავებული აქვთ გულისყური; შეიძლება შეჰყურებდნენ, მაგრამ ვერ ხედავდნენ ადამიანს…. შესაბამისად, სხვას როგორ სცემს ღირსეულ პატივს ის, ვინც ვერ ხედავს საკუთარ თავს, ვინც თავის თავს არ აფასებს და ვინც ყოველდღიურად უფრორე იძირება ამაოების ერთფეროვან მორევში?

ტრაგედიაც არ ახანებს: ჯიჯოს შეუყვარდება სამუშაოს შემკვეთი ახალგაზრდა ლამაზმანი, რომელიც სავსებით გაცნობიერებულად ასევე გრძნობებით პასუხობს მას. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს ურთიერთობა უფრო ცალმხრივია და არ არის საკმარისად ღრმა. ჯიჯო თავს იხრჩობს. იწყება ფილმის გმირთა ცხოვრების შავი მონაკვეთი, რომლის შემობრუნება ხდება ნელოს საცოლეს, სარას (ანიტა კაპრიოლის გმირი, Anita Caprioli) მიერ თავისი სატრფოსათვის ყველაზე მძიმე მომენტში. არადა, ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთობა ხშირად პრობლემატურია. სასიამოვნო სანახავია, თუ რამდენად სამხრეთული უბრალოებითა და სპონტანურობით ხდება მათი ერთობის განმტკიცება, შერიგება, ურთიერთგამხნევება.


ფილმი გადაღებულია 2008 წელს. მომდევნო წელს კი დაჯილდოებულ იქნა რომში, დონატელოს პრემიით.


ადგილმდებარეობა

რონდინე იტალიურად მერცხალს ნიშნავს, მაგრამ იტალიის ერთ-ერთ რეგიონ, ტოსკანაში, ქალაქ არეცოს მახლობლად, მდინარე არნოს ნაპირებზე არის შუა საუკუნეების ერთი ასეთი პატარა დასახლება.


თავის ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში რონდინემ უმასპინძლა ფრანცისკ ასიზელს ფლორენციელებისაგან დევნის გამო ანგიარის ბრძოლის შემდეგ. ამავე დროს, ცნობილია ლეონარდო და ვინჩის მიერ შედგენილი კარტოგრაფიიდანაც, როდესაც ის ჯერ კიდევ მთავარ ვალენტინოს სამხედრო ინჟინერს წარმოადგენდა.
ასოციაციის ისტორია


ასოციაციის შექმნის იდეა გაჩნდა 1977 წელს იმ ადამიანების წყალობით, ვისაც სჯეროდათ ამ პროექტის. ამგვარად, დროთა განმავლობაში სათითაოდ იქნენ რესტავრირებულნი რონდინეში არსებული სახლები და დასახლება გადაიქცა მნიშვნელოვან ალაგად სწავლისა და მეგობრობისათვის ადამიანთა და ხალხთაშორის დიალოგისა და მშვიდობის გასავრცელებლად.

საერთაშორისო სტუდენტური ცენტრი

რონდინეს საერთაშორისო სტუდენტური ცენტრი, რომელიც დაფუძნებულ იქნა 1997 წელს, პროექტის გულს წარმოადგენს. იგი ბალკანეთის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის კონფლიქტური რეგიონებიდან და კონფლიქტის ორივე მხარის წარმომადგენელ მოსულ ახალგაზრდობას აძლევს ერთმანეთთან ცხოვრების, მშვიდობისა და ადამიანური კულტურის ზრდის შესაძლებლობას.
მიღებული სტუდენტები სწავლობენ მახლობელ უნივერსიტეტებში (სიენის, ფლორენციის, რომის, პერუჯის, ბოლონიის, პიზის) და სტუდენტურ ცენტრში გადიან პიროვნული ჩამოყალიბების კურსებს ომისა და სიძულვილის გამომწვევი მიზეზების დასაძლევად. საბოლოოდ, ერთმანეთში დამეგობრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას მიიღებენ რა სამოქალაქო და პროფესიონალურ ვალდებულებებს, გაავრცელებენ მშვიდობის ახალ კულტურას.

ევროპის სამშვიდობო სკოლა
ევროპის სამშვიდობო სკოლა პროექტის ერთი ნაწილია, რომელიც აწყობს განსაზღვრული თემატიკის სემინარებს და სადაც საერთაშორისო სახელისმქონე სწავლულები ერტმანეთში მიმოიხილავენ კონფლიქტებთან და მათი გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებულ საკითხებს (გეოპოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფილოსოფიური, ლიტერატურული, ჟურნალისტიკური და სხვა პროფილით).

პარტნიორები
მთავარი სუბიექტების ჩამონათვალი, რომელნიც მხარს უჭერენ ასოციაციის საქმიანობას

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტოსკანის რეგიონი
არეცოს პროვინცია
არეცოს მერია
ინდუსტრიისა და მიწათმოქმედების კომერციული პალატა
ფონდი-“მონტეპასკი დი სიენა”
ფლორენციის დანაზოგთა სალარო
ფონდი-“მონდო უნიტო” (“ერთიანი მსოფლიო”)
ფონდი-“ჯუზეპე და ადელე ბარაკი”
ტოსკანის ბანკი
ბანკი “ეტრურია”
ვალდარნოს საკოოპერაციო კრედიტი
საქმოსანთა ჯგუფი მშვიდობისათვის (არეცოს პროვინციის 30-მდე საქმოსანი)
იტალიის ეპისკოპოსთა საბჭო – კულტურული პროექტი
ტოსკანის ეპისკოპოსთა საბჭო
არეცო-კორტონა-სანსეპოლკროს საეპისკოპოსო

კონტაქტები

ასოციაცია “რონდინე-მშვიდობის ციტადელი” (Rondine-cittadella della pace)
საფოსტო მისამართი: Via Mazzini, 6/a, 52100 Arezzo (Italia)
ტელ. +39.0575.299666
ფაქსი: +39.0575.353565
სამდივნოს მთავარი ელექტრონული მისამართი: info@rondine.orgasso.rondine@libero.it
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ელექტრონული მისამართი: mauro.dandrea@rondine.org
ვებსაიტი : www.rondine.org
ასოციაცია “რონდინე-მშვიდობის ციტადელი”-ს სამშვიდობო პროექტი კავკასიაზე

ვებსაითი: www.ventidipacesucaucaso.it