Posts Tagged ‘Enzo Ferrari’

სავოიელი პიუსების დინასტიის სასახლე

კარპი იტალიის რეგიონ ემილია-რომანიაში მდებარე პატარა ქალაქია. მდებარეობს მოდენას ჩრდილო-დასავლეთით და ამავე პროვინციას ეკუთვნის. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით მისმა მოსახლეობამ 68 ათასს გადააჭარბა. ცნობილია რეგიონში მდებარე ქალაქებს შორის ყველაზე დიდი ცენტრალური მოედნით, რომელზედაც განლაგებულია პიუსების დინასტიის სასახლე და მთავარი კათედრალი.

კარპის სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია მდინარე პოს დაბლობზე უძველეს დროში ფართოდ გავრცელებულ რცხილასთან (carpinus betulus). აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კარპი იტალიის სოხუმია, რომლის დასახელების ძველქართული წარმოშობაც სწორედ ამ ხესთანაა დაკავშირებული. თუმცა, სილამაზითა და ზღვის დანაკლისით აფხაზეთის პატარძალივით ცენტრის დარ მშვენიერებას ვერ დაიკვეხნის.

ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ლეგენდა. ერთხელაც, ლონგობარდი მეფე აისტულფი თავის შევარდენთან ერთად ნადირობდა, რომელიც ნადირის დევნისას უსიერ ტყეში დაეკარგა. დიდი ხნის უშედეგო ძიების შემდეგ აღთქმა დადო, რომ თუ იპოვიდა თავის ბაზს, დააარსებდა ქალაქს და მასში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. შედეგად, რცხილის უზარმაზარ ხის ტოტებში გაბმულ საკუთარ შევარდენს მიაგნო (გეცნოთ თბილისის დაარსების გორგასლისეული ვარიანტი?).

თანამედროვე კარპის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ რკინის ხანაში, ვილანოვას კულტურის პერიოდში დასახლდა, ხოლო თვითონ ქალაქი 752 წელს დაფუძნდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კარპის მართავდა პიუსთა სავოიური დინასტია, რომელმაც არაერთი საერო, თუ სასულიერო მოღვაწე მისცა იტალიას. გვიანი რენესანსის ხანიდან უპირატესობა ესტეს არისტოკრატიული სახლის ქვეშ გადადის, რომლებიც ფერარასა და მოდენას მთავრებად ითვლებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის მოსახლეობა ანტიფაშისტური გამოსვლებითა და ძლიერი პარტიზანული მოძრაობით გამოირჩეოდა. ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში არაერთი ებრაელი იქნა წაყვანილი კარპიდან.

ეს პატარა ქალაქი მრავალი მახასიათებლითაა ცნობილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარპი სხვა გაცილებით უფრო დიდ ქალაქთან ერთად (ბიელა, ტრევიზო, პრატო) გახდა იტალიური მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში განთქმულ იტალიურ ტანსაცმელს. ამ ინდუსტრიამ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქალაქის ძირეული ცვლილება და ეკონომიკური განვითარება გამოიწვია, რაც ბოლო წლებში მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაფერხა.

აქვე იმართება ცნობილი იტალიელი პილოტის, ენცო ფერარის სახელობის მარათონი, რომელიც მარანელოში იღებს სათავეს და კარპიში მთავრდება.

ბოლო წლებში, ქალაქში საფუძველი დაიდეს მზარდი მნიშვნელობის ფილოსოფიისა და ადგილობრივი წარმოშობის მწერლის, არტურო ლორიასადმი მიძღვნილი სალიტერატურო პრემიის მოთხრობის ფესტივალებმა.

წარმოშობით კარპიდანაა ფერადი ქსილოგრაფიის ფუძემდებელი, ტიციანის, აფაელის და პარმიჯანინოს (იგივე ფრანჩესკო მაცოლა) ნამუშევრების სახელგანთქმული გრავიორი უგო კარპელი (Ugo da Carpi, 1470-1532 წ.წ.) და ცნობილი თანამედროვე იტალიელი რეჟისორი ქალბატონი, ლილიანა კავანი (Liliana Cavani).

ეს კი თვითონ კარპის ხედები:

ქალაქის მთავარი სასახლის, ამჟამად მუზეუმის შიგთავსი








კარპის კათედრალი ბაროკოს სტილის წინასახით


კარპის ქუჩები

ქალაქ კარპის საითი