Posts Tagged ‘კაკალი’


პასატელები (ანუ დაახლოებით რომ ვთარგმნოთ, იქნება გამოყვანილი, გამოყვანილები) ნაკლებადცნობილი, მაგრამ საინტერესო და პრაქტიკული იტალიური კერძია რეგიონ ემილია-რომანიადან. იგი ადვილად დასამზადებელი პასტის ნაირსახეობაა და ცალკე ბულიონში იხარშება. მიირთმევენ თბილი სახით.

რეცეპტი (გათვლილია 2 ადამიანისათვის)

გახეხილი პარმიზანი – 150 გრ.
გახეხილი მომწვარი პური – 150 გრ.
კვერცხი – 3 ცალი
წვრილად გახეხილი მუსკატის კაკალი
ბოსტნეულის, ხორცეულის ან თევზეულის ბულიონი
საშუალო ზომის თავი ხახვი
სტაფილო – 1 ცალი
პომიდორი – 1 ცალი
ნიახური
ლიმონის კანის ნახეხი
მშრალი პილპილი (წითელი, ან შავი)
მარილი – გემოვნებით

დამზადების წესი

ერთმანეთს შევურიოთ კვერცხი და პარმიზანის ყველი. დავამატოთ გახეხილი პური (შესასქელებლად შეიძლება ოდნავ პურის ფქვილიც), მუსკატის კაკალი, მშრალი წითელი, ან შავი პილპილი; იქვე შეგვიძლია ჩავხეხოთ ოდნავ ლიმონის კანი (შეძლებისდაგვარად, ვეცადოთ მხოლოდ ყვითელი თხელი ნაწილის გამოყენებას, რომ თავი ავარიდოთ შიგთავსზე გადასვლას),  და კარგად მოვზილოთ ერთმანეთში რაც შეიძლება მეტ ხანს.

ფორმის მისაცემად საჭიროა სქელნასვრეტებიანი (4-5 მმ. სიგრძის) ლითონის მოწყობილობა,


რომელშიც გავიყვანთ მოზელილ მასას. შეიძლება კარტოფილის გამჭლეტის გამოყენებაც, ანაც ჩვენში ასე გავრცელებული ხორცის გასაყვანი. მიღებული ცომეულის ზოლები დანით გამოვჭრათ 4 სანტიმეტრის სიგრძის სპაგეტებად და მოსახარშად ჩავყაროთ ადუღებულ ბულიონში. ვხარშოთ 1-2 წუთი, სანამ არ კარგად ამოტივტივდებიან.

თეფშზე გადატანისას შეგვიძლია კვლავ მოვაყაროთ პარმიზანის გახეხილი ყველი.

რჩევა

იმისათვის, რომ პასატელები ნახარშში არ ჩაიფშვნან,  მოვხარშოთ უცებ, ცომის გამოყვანისთანავე, ან დავასვენოთ 5 წუთი.

ბულიონი

4-5 ლიტრ წყალში 2 საათი ვხარშოთ ძვლიანი საქონლის, ან ქათმის ხორცი. ჩავამატოთ ნიახური, სტაფილო, მთელი ხახვი, ერთი პომიდორი. როდესაც პასატელები მზად იქნება, ბულიონი უნდა დუღდეს.

გაამოთ.